მუხლი 31. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ცვლილებების რეგისტრაცია (25.12.2009. N2458)

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც იწვევს მათ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში (წესდებაში/წევრთა შეთანხმებაში) ცვლილებებს, საჭიროებს რეგისტრაციას. რეგისტრაციას საჭიროებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში – ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„გ“ და  „ე“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებები, ხოლო უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) შემთხვევაში – ამ კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება. ცვლილება განხორციელებულად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
2. წარდგენილ განცხადებას ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ უნდა დაერთოს:
ა) ცვლილებების განხორციელების თაობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტი;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შეცვლის შემთხვევაში – ცნობა ახალი ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის)  შესახებ.
3. განცხადება ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის დადგენილი ფორმით.


Comments