მუხლი 30. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ცნება და რეგისტრაცია (25.12.2009. N2458)

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს შეუძლია დააარსოს ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც არის განცალკევებული ქვედანაყოფი, მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის გარეთ, სრულად ან ნაწილობრივ წარმოადგენს მას ან ასრულებს მის ფუნქციებს, არ არის იურიდიული პირი და საქმიანობას ახორციელებს დამფუძნებლის მიერ მიღებული აქტის (ოქმის) საფუძველზე.
2. საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) არ რეგისტრირდება.
3. უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოში დაარსების შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის შესახებ;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, ამ კანონით დადგენილი მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და მისი ხელმძღვანელის შესახებ.


Comments