მუხლი 28. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია(25.12.2009. N2458)

1.    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
2.    მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გამოქვეყნებად ითვლება მისი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსება.
4. რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საბუთები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისათვის წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები არ ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს.
5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პირობები და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში – ინსტრუქცია).
6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის მომსახურების ვადები და საფასური განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით.
7.    გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გამოქვეყნებად ითვლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას) რეგისტრაციასთან ერთად მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და გასცეს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
8.    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისათვის (წარმომადგენლობისათვის) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. რეგისტრაციაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს რეესტრიდან ამონაწერი. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან გაიცემა საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადებისათვის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში და საფასურის გადახდის შემთხვევაში, მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.
11. რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა.



Comments