მუხლი 1193-1. ბავშვის მიტოვებულად აღიარება (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

1. თუ ნაპოვნია ბავშვი, რომლის ვინაობა, მშობლების ვინაობა და მათი ადგილსამყოფელი უცნობია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია განახორციელოს ყველა ქმედება ბავშვისა და მისი მშობლების ვინაობის დადგენისათვის.
2. თუ ბავშვის და მისი მშობლების ვინაობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვერ დგინდება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები ბავშვის მოსავლელად და მიმართოს სასამართლოს ბავშვის მიტოვებულად აღიარებისათვის. 
3. ბავშვის მიტოვებულად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.
(მუხლი 1193-1. ბავშვის მიტოვებულად აღიარება (18.12.2009. N2382 ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.)
ბავშვის მიტოვებულად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ:
ა) ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში შესაბამისმა ორგანოებმა ვერ დაადგინეს ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა;
ბ) დადგინდა ნაპოვნი ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მაგრამ ვერ ხერხდება მშობლის (მშობლების) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში წარდგენა ან მასთან (მათთან) სხვაგვარად დაკავშირება ან/და ის (ისინი) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და უფლებების განხორციელებას; 
გ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მშობლისათვის (მშობლებისათვის) შეთავაზებული პრევენციის ან რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, მშობელი (მშობლები) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და უფლებების განხორციელებას (ბავშვი მიატოვა (მიატოვეს) ან განაცხადა (განაცხადეს) მისი მიტოვების თაობაზე), თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.)

 
Comments