მუხლი 1011. პროდუქტის ცნება

1. ამ კოდექსის მიხედვით პროდუქტად მიიჩნევა ყველა მოძრავი ნივთი, - მაშინაც, როცა იგი სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის ნაწილს შეადგენს, ასევე - ელექტროდენი. მათ არ მიეკუთვნება ჯერ კიდევ გადაუმუშავებელი, მეცხოველეობის, მეფუტკრეობისა და მეთევზეობის, მიწათმოქმედებიდან მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები (ნატურალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები). იგივე წესი გამოიყენება ნადირობის შედეგად მიღებული პროდუქტების მიმართ. 
2. მწარმოებლად ამ კოდექსის მიხედვით მიიჩნევა პირი, ვინც აწარმოვა საბოლოო პროდუქტი, ძირითადი ელემენტი ან პროდუქტის ნაწილი. მწარმოებლად ითვლება ასევე ყველა,ვინც საკუთარი სახელით, სასაქონლო ან სხვაგვარი განმასხვავებელი ნიშნით გამოდის, როგორც მწარმოებელი. 
3. მწარმოებლად ითვლება აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გამოაქვს გაყიდვის, გაქირავების, ლიზინგის ან სხვა ფორმით სამეურნეო მიზნებით თავისი საქმიანი მოღვაწეობის სფეროში ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით. 
4. თუ შეუძლებელია მწარმოებლის ვინაობის დადგენა, მაშინ ყოველი მიმწოდებელი მიიჩნევა მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში დაზარალებულს წარუდგენს მწარმოებლის პიროვნებას ან იმ პირს, რომელმაც მას ეს პროდუქტი მიაწოდა. ეს წესი გამოიყენება საიმპორტო საქონლის მიმართაც, როცა შეუძლებელია თავდაპირველი გამსაღებლის ვინაობის დადგენა, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლის სახელი ცნობილია. 
 
Comments