მუხლი 1009. უხარისხო პროდუქტის მწარმოებლის პასუხისმგებლობა

1. უხარისხო პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა: 
ა. მას ეს პროდუქტი არ გაუტანია სარეალიზაციოდ; 
ბ. საქმის გარემოებათაგან გამომდინარე, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ნაკლი, რომელმაც ზიანი გამოიწვია, პროდუქტს არ ჰქონდა სარეალიზაციოდ გატანისას; 
გ. მწარმოებელს პროდუქტი არ უწარმოებია არც გასაყიდად ან სხვა კომერციული მიზნით, არც თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში; 
დ. პროდუქტს აქვს ნაკლი, რომელიც სარეალიზაციოდ მისი გატანისას შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ ნორმებს, ანდა 
ე. შეუძლებელი იყო ნაკლის აღმოჩენა მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა სარეალიზაციოდ პროდუქტის გატანის დროს. 
2. პროდუქტის ნაწილის მწარმოებლის პასუხისმგებლობა ასევე გამორიცხულია, თუ ნაკლი გამოწვეულია იმ პროდუქტის კონსტრუქციით, რომლის შემადგენელიც გახდა ეს ნაწილი. 
3. მწარმოებლის ზიანის ანაზღაურების მოვალეობა მცირდება ან საერთოდ გამოირიცხება, თუ ზიანის დადგომა გამოიწვია დაზარალებულის ან მის ნაცვლად პასუხისმგებელი პირის ბრალეულმა მოქმედებამ. 
4. მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ მცირდება, თუ ზიანი გამოწვეულია პროდუქტის ნაკლით და იმავდროულად მესამე პირის მოქმედებით. 
 
Comments