საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №518 2012 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 22-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA“-ში ან/და „ORACLE”-ში ან/და სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში.“;

 

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სპეციალურ სატვირთო საბაჟო დეკლარაციას ავსებს საქონლის გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საქონლის მიმღების) წარმომადგენლობას.“.

 

2. 47-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სპეციალურ სატვირთო საბაჟო დეკლარაციას ავსებს საქონლის გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საქონლის მიმღების) წარმომადგენლობას, გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში.“;

 

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსების დასრულებისას, დეკლარაციის შემვსები არეგისტრირებს დეკლარაციის შევსების ფაქტს სისტემაში და დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება რეგისტრაციის C ნომერი, რის შემდეგაც, დეკლარაცია ითვლება წარდგენილად  და დეკლარირებული საქონლის მონაცემების სისტემაში ინტეგრირებული რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:

ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

ბ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტების (საჭიროების შემთხვევაში – დეკლარანტთან ან მის წარმომადგენელთან არსებული ეგზემპლარების) კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური
Comments