საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №427 2012 წლის 8 ოქტომბერი ქ. თბილისი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 711 მუხლი:

     ,,მუხლი 711.  დღგ-ისგან გათავისუფლება „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად

    1. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მიზნით, ინვესტორის მიერ, შემოსავლების სამსახურს წარედგინება  განაცხადი, რომელსაც თან უნდა დაერთოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც დაადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე  დღგ-ის თანხის გადახდას. ამასთან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დღგ-ის თანხის დაბრუნების განმეორებით მოთხოვნისას შემოსავლების სამსახურისთვის ხელშეკრულების წარდგენა სავალდებულო არ არის.       

   2. საგადასახადო ორგანო განიხილავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს და:

   ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 დღისა უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის გადამხდელისათვის  დაბრუნებას;

  ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად;

   3. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

   4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.

  5. განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრიალექსანდრე ხეთაგური
Comments