საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №221 2012 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციის V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V. პირადი საგადასახადო მრჩეველი

მუხლი 16. გადასახადის გადამხდელისათვის გასაწევი მომსახურების სახეები

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო მრჩევლის შემდეგი მომსახურებით:

ა) გადასახადის გადამხდელისთვის ინფორმაციის მიწოდება საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე;

ბ) გადასახადის გადამხდელისთვის კონსულტაციის გაწევა საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

გ) საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაცია, გაანგარიშება, ცნობა) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, მათ შორის, მათი შევსების ტექნიკურ საკითხებზე დახმარების გაწევა, გარდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრისა;

დ) გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმებსა და შემოწმების აქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

ე) საჯარო ინფორმაციის მოძიებაში დახმარების გაწევა, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის გაცნობა;

ვ) გადასახადის გადამხდელის ინფორმირება კუთვნილი საგადასახადო შეღავათის შესახებ და შესაბამისი მტკიცებულებების (დოკუმენტების) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენის ხელშეწყობა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადავადებული (მათ შორის, რესტრუქტურიზებული) საგადასახადო დავალიანების გადასახადის გადამხდელის მიერ დროული შესრულების მონიტორინგი;

თ) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშგების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხორციელების მონიტორინგი;

ი) გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული საგადასახადო ვალდებულების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის გაკონტროლება;

კ) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის პროცედურის განხორციელების ხელშეწყობა;

ლ) საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის წერილობითი შეკითხვების განხილვისა და პასუხების გაცემის მონიტორინგი;

მ) საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო ანგარიშგების ფორმების, ასევე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების), ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების და აქციზური მარკების მიღების ხელშეწყობა;

ნ) საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან/და რეორგანიზაციის შემთხვევაში, გასატარებელი პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა;

ო) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების, მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ჩათვლის ან სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანის პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა;

პ) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმების პროცედურების წარმართვის ხელშეწყობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, პირადი საგადასახადო მრჩეველი უფლებამოსილია განახორციელოს საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეები.

3. გადასახადის გადამხდელსა და პირად საგადასახადო მრჩეველს შორის ურთიერთობა, პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით სარგებლობის წესი და პირობები, მომსახურების ფარგლები განისაზღვრება გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე

Comments