საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №19 2013 წლის 22 იანვარი ქ. თბილისი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში (სსმ III, 29.05.09, №65, მუხლი 720) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის   29-ე - 364 მუხლების და VIII თავის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად,“.

 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

 ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. გამოყენების სფერო

 ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებსა და ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე და განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (შემდგომში – სამინისტრო) კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობის წესს.“;

ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 მუხლის:

 გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსს სამინისტროში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სამინისტრო აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) შესასრულებელ სამუშაოს;“;

გ.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გაამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.“;

დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:

დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) კანდიდატთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის შენახვას;“;

 დ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში კანდიდატთა რეგისტრაციას;“;

ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 10. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები და კონკურსზე გამოცხადების წესი

1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

 2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

ა)  განცხადება;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ)  ფერადი ფოტოსურათი;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

ვ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) სხვა დოკუმენტები საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად (კომისიის გადაწყვეტილებით).

3. არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის ცალკეულ პროცედურაზე არ დაიშვება.“;

 ვ) მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-19 მუხლის:

 თ.ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. მინისტრი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას  სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების,  დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან  დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ.

 6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, მინისტრს აქვს უფლება  მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.“;

 თ.ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, წევრები (მათ შორის, მოწვეულები) და საპრეტენზიო კომისიის მდივანი. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის/კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.“.


მუხლი 2.  

 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური