საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №125 2013 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ



„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 − მე-11 პუნქტები:
„9. საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი და მძიმე დისტილატების (ბენზინისა და გაზოილის) გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ცისტერნა, ცისტერნა მისაბმელი ან ცისტერნა ნახევარმისაბმელი), რომელიც განკუთვნილია ასეთი ნივთიერებების  გადასატანად. 

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11.   საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „სადახლო“ს გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ასეთი შემოტანა გადამაადგილებელი ფიზიკური პირის მიერ ან/და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ხორციელდება არა უმეტეს 3-ჯერ კალენდარული თვის განმავლობაში, ან

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ტვირთის/მგზავრთა საერთაშორისო გადაზიდვას/გადაყვანას, ან

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში 10 ლიტრს, ხოლო სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − 20 ლიტრს, ან

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდება ტრანზიტულად. ამასთან, თუ ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ასრულებს ტრანზიტით გადაადგილებას, ჩაითვლება, რომ მის მიერ ხორციელდება საწვავის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე და მასზე გავრცელდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა.“.

2. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთის გაფორმება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში ხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ ნებისმიერ გაფორმების ადგილზე.“.

3. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“ ან „სადახლო“ ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) საწვავის ავზ(ებ)ის ნიშანდებას საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ით, რომლის მოხსნას ახორციელებს დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური