საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №106 2013 წლის 12 აპრილი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  შემოსავლების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი და საბაჟო დეპარტამენტი სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებია და წარმოადგენს სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო ორგანოებს.“

3. მე-13 მუხლის: 
ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

 

 

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;“ 

4. . მე-14 მუხლის: 
ა) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;  
ბ) „ნ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;  
გ) „ნ3− ნ6“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 
5. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს. 
6. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. საბაჟო დეპარტამენტი

საბაჟო დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და გადადგილებაზე საბაჟო კონტროლი; 

ბ) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება;

გ) საბაჟო დეკლარაციის შევსება და სასაქონლო ოპერაციების განხორციელება;

დ) სასაქონლო ოპერაციათა მონიტორინგი, ზედამხედველობა და ანალიზი. სასაქონლო ოპერაციების განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მონიტორინგი;

ე) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში  შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;

ვ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელება;

თ) საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სტაციონარული მონიტორების მიერ რადიაციული განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

ი) სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა, პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და მასში მონაწილეობა;

კ) საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო  საშუალების მიმართ საბაჟო კონტროლის სპეციალური საშუალებების (მათ შორის,  რენტგენ-სკანირების, სამოსამსახურეო დანიშნულების ძაღლების და სხვ.) დანერგვა და გამოყენება, მიღებულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირება;

ლ) გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის, მთლიანობისა და ლუქების კონტროლი და მის ტერიტორიაზე არსებული სათავსების/საწყობების საქმიანობის ორგანიზება და მართვა;  

მ) საბაჟო დეპარტამენტში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება. საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ნ) ფარმაცევტული პროდუქტის საგადასახადო აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაცია და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდება;

ო) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელებისას სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა;

პ) ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი ავტომატიზებული სისტემა „Tracker 7“-ის საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია, ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით;

ჟ) საქონლის გაფორმებისას ან/და კომპეტენციის  ფარგლებში სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით;

რ) გაფორმებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად, სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე, სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ს) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის და საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის და საბაჟო საწყობის საქმიანობის  უწყებრივი სანებართვო რეესტრების წარმოება;

ტ) საბაჟო საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებითი შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის მომზადება;

უ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი;

ფ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვის, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი (მათ შორის, დადგენილი კვოტის ზევით, რომელიც უცხო ქვეყნის გადამზიდველს უფლებას აძლევს განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე) და მრავალჯერადი ნებართვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი) ნებართვის გაცემა;

ქ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა;

 ღ) თავისუფალი ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;

ყ) საბაჟო კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) განთავსების მიზნით;

შ) ჩამორთმეული სამართალდარღვევის საქონლის, საგადასახადო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის ელექტრონული ან წერილობითი (როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გადაცემა შეუძლებელია) ფორმით მიწოდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის;

ჩ) საბაჟო კონტროლის  განხორციელებისას ან/და დეკლარირებული საქონლის მიმართ  გამოსაყენებელი  რისკების მართვის ავტომატიზებული სისტემის  მუშაობის ორგანიზირება, მონიტორინგი და ანალიზი;

ც) ,,ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად (,,ოქროს სიაში“ შესაყვანად) კანდიდატთა შერჩევა, კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, ,,ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი;

ძ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურებისას წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ანალიზი და გადამოწმება;

წ) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელება;

ჭ) კომპეტენციის ფარგლებში:

ჭ.ა) ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების შესახებ უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;

ჭ.ბ) საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;

ჭ.გ) კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ჭ.დ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

ხ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ჯ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.  

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე. 
მუხლი 3.  

 

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 25 აპრილიდან. 


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური