მუხლი 7. ეროვნული ბანკის მმართველობა

1. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის ან/და ფინანსების დარგში და გამორჩეულნი პატიოსნებით.
3. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები.
4. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
5. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაყენება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით.
6. დასაშვებია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ხელახლა არჩევა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მაგივრად აირჩევა ახალი წევრი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების სრული ვადით.
7. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
8. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ:
ა) იგი აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი; 
ბ) მან დაკარგა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლება ამ ორგანული კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად;
გ) იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის გამო;
დ) იგი გარდაიცვალა.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული წესით გათავისუფლდებიან თანამდებობიდან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები. 
10. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა, არ არის საჯარო მოსამსახურე.
Comments