მუხლი 68. ადმინისტრირების ნორმები

1. ეროვნული ბანკისათვის ამ ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები ხორციელდება თანასწორუფლებიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე და შეესაბამება მიღებულ ადმინისტრირების ნორმებს.
2. ეროვნული ბანკი ვალდებულია, თავი შეიკავოს ზემოთ აღნიშნული უფლებამოსილებების გამოყენებისაგან ისეთი მიზნის მისაღწევად, რომელიც არ შეესაბამება ამ უფლებამოსილებებს, ან გამოიყენოს თავისი უფლებები იმ დონეზე, რომელიც აღემატება აუცილებელ ღონისძიებებს შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად.
3. ამ ორგანული კანონის დებულებების შესრულების მიზნით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები ექვემდებარება მიუკერძოებლობის პრინციპებს და მათი მოტივაცია უნდა იყოს ობიექტური და რაციონალური. ყველა გადაწყვეტილება უნდა სრულდებოდეს სამართლებრივი ნორმების დაცვით და უნდა ემსახურებოდეს დასახულ მიზნებს.
4. ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
5. ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
6. ეროვნული ბანკის არც ერთ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ეროვნულ ბანკს სასამართლოს, სხვა ორგანოებისა და პირების წინაშე წარმოადგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები ან მათ მიერ უფლებამოსილი ეროვნული ბანკის მოხელე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირი.
Comments