მუხლი 64. ეროვნული ბანკის უპირატესი და უპირობო უფლება

1. ეროვნულ ბანკს აქვს უპირატესი და უპირობო უფლება, დაიკმაყოფილოს ნებისმიერი მოთხოვნა დაფარვის ვადის დადგომისას მოვალის ანგარიშებზე არსებული სახსრების, სალაროს ნაშთების ან მოვალის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების ხარჯზე. აღნიშნული წესიდან გამონაკლისია ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული სახსრები.
2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ისარგებლოს არსებული სახსრების თავის ანგარიშზე ჩარიცხვის უპირატესი უფლებით და სხვა აქტივების აუქციონზე გაყიდვის გზით აწარმოოს ამონაგები თანხებიდან კუთვნილი თანხების დაკავება გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლების შემდეგ. აუქციონის ჩატარების წესებს ადგენს ეროვნული ბანკი. აუქციონის არშემდგარად გამოცხადების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ქონების პირდაპირ საკუთრებაში მიღებით. შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, ეროვნულ ბანკს მისცენ ასეთ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
3. ზემოთ აღნიშნული უფლებამოსილებანი ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება არ იქნეს გამოყენებული ლიკვიდაციისა და დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმებში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ.
Comments