მუხლი 55. მონიტორინგის სამსახურის მართვა და ბიუჯეტი

1. მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან,  ანგარიშვალდებულებასთან, წარმომადგენლობასთან და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 
2. მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 
3. მონიტორინგის სამსახურის მოხელეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს. შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე. 
4. მონიტორინგის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. 
5. მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს ყოველწლიურად ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. მონიტორინგის სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წელს დამტკიცებულ დაფინანსებაზე ნაკლები. მონიტორინგის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ მონიტორინგის სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. თუ ეროვნული ბანკის საბჭო არ დაამტკიცებს მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს, მონიტორინგის სამსახურის დაფინანსება განხორციელდება მონიტორინგის სამსახურისათვის წინა წელს დამტკიცებული დაფინანსების ოდენობით.
Comments