მუხლი 53. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეროვნულ ბანკთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (შემდგომში – მონიტორინგის სამსახური). 
2. მონიტორინგის სამსახური დამოუკიდებელი ორგანოა და თავისი საქმიანობისას არ ექვემდებარება არც ერთ სხვა ორგანოსა და თანამდებობის პირს. მონიტორინგის სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ ორგანული კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების შესაბამისად.
3. მონიტორინგის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში.        
4. მონიტორინგის სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით.
5. მონიტორინგის სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
6. მონიტორინგის სამსახური საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
Comments