მუხლი 51. სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველობა

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) გასცეს და გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია;
ბ) განახორციელოს  არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება, მოახდინოს საპენსიო სქემების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება, მოახდინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს მზღვეველის/ არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვა, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების შემოწმება, რისთვისაც შეუძლია მზღვეველისაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; 
დ) მზღვეველებს/არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებს განუსაზღვროს კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი; 
ე) აწარმოოს მზღვეველთა/არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთა რეესტრი, შექმნას მეთოდოლოგიური და სარეკომენდაციო დოკუმენტაცია სადაზღვევო/არასახელმწიფო საპენსიო სქემებთან დაკავშირებულ საკითხებზე; 
ვ) მზღვეველის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს/საერთო კრებას მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება; შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება; განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება დამზღვევთა და დაზღვეულთა ინტერესებს, შეუჩეროს მას კონკრეტული ოპერაციების განხორციელების უფლება, გაუუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია; 
ზ) დაუწესოს სანქციები, მათ შორის, დააკისროს ფულადი ჯარიმა მზღვეველებს/არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებს, რომელთა ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
თ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს მზღვეველი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისაგან;
ი) განახორციელოს მზღვეველის ლიკვიდაცია და გაკოტრების საქმის წარმოება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმების, სხვა კანონებისა და თავის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;  
კ) დანიშნოს მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი, ლიკვიდატორი და გაკოტრების მმართველი, რომლებიც ანგარიშვალდებული არიან ეროვნული ბანკის წინაშე;
ლ) მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორის, ლიკვიდატორის ან/და გაკოტრების მმართველის მეშვეობით ხელი შეუწყოს გადახდისუუნარო მზღვეველის აქტივებისა და ვალდებულებების (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელის) ან მათი ნაწილის გადაცემას თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
Comments