მუხლი 40. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები

1. ეროვნული ბანკი ფლობს, ინახავს და მართავს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს, რომლებიც შეიძლება შედგებოდეს შემდეგი აქტივებისაგან: 
ა) მონეტარული ოქრო;
ბ) უცხოური ვალუტა მონეტებისა და ბანკნოტების სახით; 
გ) სხვა ქვეყანაში საბანკო ანგარიშებზე რიცხული უცხოური ვალუტის ნაშთები;
დ) საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხების სპეციალური უფლებები (SDR) და სარეზერვო პოზიცია სავალუტო ფონდში; 
ე) უცხოური ვალუტით დენომინირებული და ასანაზღაურებელი თამასუქები და სადეპოზიტო სერტიფიკატები; 
ვ) უცხო ქვეყნების, ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულებები;
ზ) უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები და შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების შეძენის შესახებ, მათი შემდგომი გასხვისების პირობით (უკურეპო ოპერაციები);
თ) ნებისმიერი სხვა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სარეზერვო საშუალებები.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მართვის ამოცანების შესასრულებლად ისესხოს უცხოური ვალუტა საკუთარი სახელით, ერთ წლამდე ვადით, საერთაშორისო რეზერვებში შემავალი აქტივების უზრუნველყოფით, ან დადოს შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების გასხვისების/გასესხების შესახებ, მათი შემდგომი გამოსყიდვის პირობით (რეპო ოპერაციები).
Comments