მუხლი 3. ეროვნული ბანკის ამოცანები და ფუნქციები

1. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.
2. ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. 
3. ეროვნული ბანკის ფუნქციებია: 
ა) შეიმუშაოს და განახორციელოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად;
ბ) განახორციელოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობა;
გ) უზრუნველყოს ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირება;
დ) ფლობდეს, შეინახოს და განკარგოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები; 
ე) იყოს საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი; 
ვ) უზრუნველყოს საგადახდო სისტემების ეფექტიანი და გამართული ფუნქციონირება; 
ზ) განახორციელოს საქართველოს ფულის ნიშნების ემისია;
თ) საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკა;
ი) ამ ორგანული კანონის შესაბამისად განახორციელოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა მასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით; 
კ) შეასრულოს ამ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
Comments