მუხლი 26. ეროვნული ბანკის წმინდა ზარალის განაწილება

1.თუ ეროვნული ბანკი ნებისმიერ საფინანსო წელს გასწევს წმინდა ზარალს, იგი უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:      
ა)თუ წმინდა ზარალი შედგება წმინდა საოპერაციო ზარალისა და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა ზარალისაგან, წმინდა საოპერაციო ზარალის თანხა დაერიცხება საერთო სარეზერვო ფონდს და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული ზარალის თანხა განაწილდება გადაფასების რეზერვის ანგარიშებზე. თუ ამ სახის განაწილების შედეგად გადაფასების რეზერვის ანგარიშები უარყოფითი გახდება, უარყოფითი ნაშთი გადანაწილდება საერთო სარეზერვო ფონდში;
ბ)თუ წმინდა ზარალი შედგება წმინდა საოპერაციო მოგებისა და უფრო დიდი წმინდა არარეალიზებული გადაფასების ზარალის ჯამისაგან, გადაფასების ზარალი კომპენსირდება გადაფასების რეზერვის ანგარიშებიდან. დარჩენილი ზარალი გადანაწილდება საერთო სარეზერვო ფონდში;
გ)თუ წმინდა ზარალი შედგება წმინდა საოპერაციო ზარალისა და გადაფასების წმინდა არარეალიზებული მოგებისაგან, ზარალი დაერიცხება საერთო სარეზერვო ფონდს;
დ)თუ აღნიშნული განაწილების შემდეგ ეროვნული ბანკის კაპიტალი საწესდებო კაპიტალზე ნაკლები გახდება, არსებული დეფიციტის დასაფარავად (ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის შესავსებად) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკს საკუთრებაში გადასცემს მიმოქცევად (საბაზრო) სახელმწიფო სავალო ვალდებულებებს წარმომდგენზე იმ ვადითა და პირობებით, რომლებიც სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ვადისა და პირობების ანალოგიური იქნება.
2.საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდები უნდა  გამოუშვას უპირობოდ, ეროვნული ბანკის საფინანსო წლის დასრულებიდან 5 თვის ვადაში. ეს ფასიანი ქაღალდები მათი გამოშვების შემდეგ უნდა აისახოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
Comments