მუხლი 25. ეროვნული ბანკის წმინდა მოგების განაწილება

 თუ ეროვნულ ბანკს საფინანსო წლის დასრულების შემდეგ აქვს წმინდა მოგება, იგი უნდა განაწილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) თუ წმინდა მოგება შედგება წმინდა საოპერაციო მოგებისა და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგებისაგან, გადაფასებით გამოწვეული არარეალიზებული მოგება მიიმართება გადაფასების შესაბამის სპეციალურ რეზერვში. თუ წმინდა მოგებაში ჩართულია გადაფასების არარეალიზებული ზარალი, იგი კომპენსირდება გადაფასების რეზერვის ანგარიშიდან. თუ წმინდა მოგება შედგება წმინდა საოპერაციო ზარალისა და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგებისაგან, წმინდა მოგება მიიმართება გადაფასების შესაბამის სპეციალურ რეზერვში;
ბ) წმინდა მოგების დარჩენილი თანხით უნდა შეივსოს ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდი, ვიდრე მისი მოცულობა არ გაუთანაბრდება შესაბამისი საფინანსო წლის ბოლოს არსებული სარეზერვო ფულის ოდენობის 15 პროცენტს. ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების დარჩენილი თანხით ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდის მოცულობის, შესაბამისი საფინანსო წლის ბოლოს არსებული სარეზერვო ფულის ოდენობის 15 პროცენტზე ნაკლები ოდენობით შევსების შესახებ; (1.12.2009 N 2186)
გ)    საფინანსო წლის დარჩენილი წმინდა მოგება უნდა გადაირიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე ეროვნული ბანკის საფინანსო წლის დასრულებიდან 6 თვის ვადაში.
Comments