მუხლი 20. პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა

1. ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ ან ყოფილ წევრს, ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის არც ერთ თანამშრომელს ან აუდიტორს არა აქვს კონფიდენციალურ ინფორმაციასთან არაუფლებამოსილი პირის დაშვების უფლება, უფლება – გათქვას ან გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. 
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის წესი და პირობები განისაზღვრება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების, მესამე პირების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობები გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში.  
5. ეროვნულ ბანკში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული გონივრული ვადით გამოცხადდეს კონფიდენციალურად. ასეთი ინფორმაციების ნუსხას, შეზღუდვის ვადასა და გაცემის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.
6. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებსა და ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს, რომლებიც ამ ორგანული კანონის საფუძველზე ახორციელებენ საფინანსო სექტორის ზედამხედველობას, უფლება არა აქვთ, იყვნენ საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. თუ ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, რომელიც ამ ორგანული კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას, ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, ამის შესახებ მან წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მას ასევე უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა, რომლის წილის მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია.
7. ეროვნული ბანკის თანამშრომელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღოს რაიმე ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი ეროვნული ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირისაგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისაგან თავისი ან ნებისმიერი სხვა პირის სახელით, რომელთანაც მას აკავშირებს ახლონათესაური, სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა.
8. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ეროვნული ბანკის თანამშრომელი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აცნობოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ მისი ან მისი ოჯახის წევრის, როგორც ფიზიკური პირის, სასესხო ან სხვა მატერიალური ვალდებულება, რომელიც ჯამში აღემატება (აჭარბებს) 10,000 ლარს.
Comments