მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, გადამზღვეველი კომპანია, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო საბროკერო კომპანია, ანგარიშვალდებული საწარმო, ასევე ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;
ბ) საფინანსო სექტორი – საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ერთობლიობა;
გ) კომერციული ბანკი – ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;
დ) ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი – ეროვნული ბანკის მიერ მისაღწევი ინფლაციის მაჩვენებელი;
ე) ოფიციალური გაცვლითი კურსი – ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ვალუტების მიმართ დადგენილი გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება  საბუღალტრო და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის;
ვ) სახელმწიფო სესხი – „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ვალი და კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები;
ზ) დეპოზიტი – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება; 
თ) ფულის ნიშნები – ეროვნული ბანკისა და სხვა ქვეყნის ემიტენტი დაწესებულებების მიერ გადახდის კანონიერი საშუალებების სახით გამოშვებული ბანკნოტები და მონეტები;
ი) ყალბი ფულის ნიშნები – თაღლითური, არაკანონიერი გზით დამზადებული ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები, რომლებზედაც შეინიშნება ნომინალური გადაკეთების კვალი;
კ) ემისია – ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ან ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება;
ლ) რეპროდუცირება – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ბანკნოტებისა და მონეტების მთლიანად ან მათი ნაწილის, მათ შორის, მათი ინდივიდუალური დიზაინის ელემენტების, ფერის, ზომების, სიმბოლოების ან მათი სახეცვლილებით მატერიალური ან არამატერიალური ფორმით რაიმე გამოსახულების, დამზადება, რომელიც შესაძლოა წააგავდეს ნამდვილ ფულის ნიშნებს ან ქმნიდეს ნამდვილი ფულის ნიშნების შთაბეჭდილებას;
მ) ნუმიზმატიკური ფასეულობა – საკოლექციოდ განკუთვნილი მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნები, ისტორიული ბანკნოტები და მონეტები, მათი ასლები; 
ნ) კრედიტი – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;
ო) კლირინგი (საკლირინგო ხელშეკრულება) – უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას და გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში;
პ) სპოტური ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში;
ჟ) ფორვარდული ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
რ) სვოპი – გარიგება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ, მისი შემდგომი გაყიდვის ან გამოსყიდვის წინასწარ დათქმული პირობებით;
ს) ფისკალური აგენტი – საგადახდო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ორგანიზებით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ტ) ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები – ყველა ხარჯი, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ეკონომიკის უზრუნველყოფასთან;
უ) საქართველოს საფინანსო სექტორის სტატისტიკა – ეროვნული ეკონომიკის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე ფინანსური კორპორაციების ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების მარაგებისა და ნაკადების ამსახველი სტატისტიკა;
ფ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
ქ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც არ არის კომერციული ბანკი და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ნაწილი;
ღ) დროებითი ბანკი – განსაკუთრებულ შემთხვევაში საბანკო სისტემის სტაბილურობისა და დეპოზიტების უსაფრთხოების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ საგანგებოდ და დროებით შექმნილი ბანკი;
ყ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
შ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
ჩ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;
ც) ახლო ნათესავი – ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ირიცხება კანონით მემკვიდრეთა წრიდან I ან II რიგში;
ძ) საჯარო რეგისტრი – ეროვნული ბანკის უწყებრივი საჯარო რეესტრი, რომელშიც ხორციელდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია; 
წ) საგარეო სექტორის სტატისტიკა – საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო ინვესტიციური მდგომარეობის, საგარეო ვალისა და ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების სტატისტიკა;
ჭ) ინფლაცია – ფასების სტატისტიკის მწარმოებელი ოფიციალური ორგანოს მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო კალათის ფასების ინდექსის ცვლილება; 
ხ) სარეზერვო ფული – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული (ეროვნული ბანკის სალაროში არსებული სახსრების ნაშთის გარეშე),  ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის (მათ შორის, ლიცენზიაგაუქმებული ბანკის) ანგარიშებზე არსებული სახსრები ეროვნულ ვალუტაში;
ჯ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ზონა;
ჰ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტი – მგზავრების მომსახურებისათვის განკუთვნილი უბაჟო ვაჭრობის პუნქტი, რომლის საქმიანობა (უბაჟო საცალო ვაჭრობა ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას) საბაჟო კონტროლის ზონაში ნებადართულია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის სატარიფო ღონისძიებების გატარების გარეშე.
Comments