მუხლი 16. ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანებით ქმნის ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტს. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, შესაბამისი ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები.
2. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის ფუნქციაა საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
3. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი უფლებამოსილია:
ა) განიხილოს და შეიმუშაოს საფინანსო ზედამხედველობის რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; 
ბ) განიხილოს საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა შენიშვნები ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ  გატარებული ღონისძიებების შესახებ. 
4. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით მიეწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ხოლო პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული ბანკი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს.
Comments