მუხლი 68. ადმინისტრირების ნორმები

1. ეროვნული ბანკისათვის/სააგენტოსათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები ხორციელდება თანასწორუფლებიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე და შეესაბამება მიღებულ ადმინისტრირების ნორმებს.
2. ეროვნული ბანკი/სააგენტო ვალდებულია თავი შეიკავოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებამოსილებების ისეთი მიზნის მისაღწევად გამოყენებისაგან, რომელიც ამ უფლებამოსილებებს არ შეესაბამება, ან გამოიყენოს თავისი უფლებები იმ დონეზე, რომელიც აღემატება შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად აუცილებელ ღონისძიებებს.
3. ამ კანონის დებულებების შესასრულებლად ეროვნული ბანკის/სააგენტოს გადაწყვეტილებები მიუკერძოებლობის პრინციპებს ექვემდებარება. მათი მოტივაცია ობიექტური და რაციონალური უნდა იყოს. ყველა გადაწყვეტილება სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა სრულდებოდეს და დასახულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.
4. ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
5. ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
6. ეროვნული ბანკის არც ერთ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6 1. სააგენტოს თანამშრომელს, სააგენტოს საბჭოს წევრს, სააგენტოს მიერ კომერციულ ბანკში დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს და კომერციული ბანკის ლიკვიდატორს არ დაეკისრებათ პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუ მათ ეს ქმედება ჩაიდინეს ან მისგან თავი შეიკავეს თავიანთი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
62. სააგენტოს თანამშრომლის, სააგენტოს საბჭოს წევრის, სააგენტოს მიერ კომერციულ ბანკში დანიშნული დროებითი ადმინისტრატორის და კომერციული ბანკის ლიკვიდატორის წინააღმდეგ მესამე პირის მიერ დავის დაწყების შემთხვევაში, თუ დავა დაკავშირებულია სააგენტოს თანამშრომლის ან შტატგარეშე მოსამსახურის ან სააგენტოს საბჭოს წევრის მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან, სააგენტოს საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯებისა და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
7. ეროვნულ ბანკს სასამართლოს, სხვა ორგანოებისა და პირების წინაშე წარმოადგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები ან მათ მიერ უფლებამოსილი ეროვნული ბანკის მოხელე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირი.
8. სასამართლოს, სხვა ორგანოსა და პირის წინაშე სააგენტოს წარმოადგენს სააგენტოს უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სააგენტოს მოხელე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირი.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ