მუხლი 67. მარეგლამენტირებელი დებულებები

1. ეროვნული ბანკი/სააგენტო თავისი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს ავტონომიური (დამოუკიდებელი) რეგლამენტირების უფლებით. ეროვნული ბანკი/სააგენტო აწარმოებს ნორმატიული აქტების, დირექტივებისა და მითითებების საჯარო რეგისტრს.
2. ეროვნული ბანკის/სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი წესით დადგენილი ელექტრონული ანგარიშსწორების ანგარიშებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში განსაზღვრული ფორმატები და სტანდარტები კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაეცემა ინდივიდუალური წესით. ისინი ძალაშია ეროვნული ბანკის/სააგენტოს მიერ განსაზღვრული თარიღიდან.
3. ეროვნული ბანკი/სააგენტო, თუ ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედება საჭირო არ არის, ნორმატიული აქტის პროექტს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
4. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროებას განსაზღვრავს მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი). ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მისანიჭებლად დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა, გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაშია მასში მითითებული თარიღიდან.
5. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების ნორმის გამოყენების შემთხვევაში აღნიშნულ ნორმატიულ აქტში ცალკე მუხლით უნდა მიეთითოს ამ აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების მიზეზები.
6. ეროვნული ბანკი/სააგენტო უფლებამოსილია თავისი საქმიანობის პროცესში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით (მათ შორის, საარქივო მასალის სახით) შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ან/და ციფრული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ