მუხლი 61. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ანგარიშგება

1. ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ადგენს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს.
2. არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს.
3. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამტკიცებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
4. თუ საქართველოს პარლამენტმა არ დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, ეროვნული ბანკი მოქმედებს თავის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში.
5. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტში უნდა აღინიშნოს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად, და შესაძლო რისკების მიმოხილვა.
6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ, ხოლო სააგენტო – ანგარიშს თავისი საქმიანობისა და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების თაობაზე. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს ამ ანგარიშებს. სააგენტო აქვეყნებს საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშს. სააგენტოს შეუძლია გამოაქვეყნოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხებზე სხვა ანგარიშგებები და გამოკვლევები, რომელთა გამოქვეყნებასაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ