მუხლი 52. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა

სააგენტო უფლებამოსილია:
ა) დაარეგულიროს ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას და მიმოქცევისას წარმოშობილი ურთიერთობები; უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა;
ბ) გასცეს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების ლიცენზიები;
გ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუწესოს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები;
დ) დაამტკიცოს ემისიის პროსპექტი;
ე) განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობის მონიტორინგი, შემოწმება, გამოკვლევა;
ე1) თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს, შეცვალოს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული წესები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას;
ზ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუწესოს სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ