მუხლი 50. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ზედამხედველობა

1. სააგენტო მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ზედამხედველობას უწევს რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმებისა და სანქციების დაწესების გზით.
2. სააგენტო ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ზედამხედველობას უწევს მხოლოდ ყალბი ფულის მიმოქცევის აღსაკვეთად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, მინიმალური მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით.
3. სააგენტოს მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. სააგენტო უფლებამოსილია ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
5. სააგენტო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ