მუხლი 49. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა

1. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კომერციული ბანკის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;
გ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, შეამოწმოს მათი შვილობილი საწარმოები, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას მასალები შესაბამის ორგანოებს გადაეცემა;
დ) კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუზარდოს სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები;
ე) კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუუქმოს შესაბამისი ლიცენზია;
ვ) კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის ნორმატიული აქტით დაადგინოს შესაბამისი ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების წესები, განსაზღვროს ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
ზ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისაგან;
თ) შექმნას და მართოს დროებითი ბანკი, რომელიც საქმიანობას წარმართავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ი) დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის მეშვეობით ხელი შეუწყოს გადახდისუუნარო კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის გადაცემას თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით;
კ) განსაკუთრებულ შემთხვევაში საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების მიზნით კომერციული ბანკებისათვის დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები: საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, დამატებით დაუწესოს დასვენების დღეები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეები გამოაცხადოს საბანკო დღეებად; დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები ან/და გაათავისუფლოს შეზღუდვებისაგან და განახორციელოს სხვა ქმედება, რომელიც აუცილებელია საფინანსო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისათვის;
ლ) თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.
 2. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ლიკვიდატორს და დროებით ადმინისტრატორს ნიშნავს სააგენტო. ისინი ანგარიშვალდებული არიან სააგენტოს წინაშე. ლიკვიდატორსა და დროებით ადმინისტრატორზე გადადის კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება.
3. სააგენტო უფლებამოსილია კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას განუსაზღვროს კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი.
4. არავის არა აქვს უფლება, სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები.
5. კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება მხოლოდ სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ ან გაკოტრებულად, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
6. სააგენტო საერთაშორისო ფინანსური კომპანიის შემოწმებას ახორციელებს თავის მიერ დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად, მხოლოდ იმ შეზღუდვების დაცვის შესამოწმებლად, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საერთაშორისო ფინანსური კომპანიებისათვის.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ