მუხლი 48. სააგენტოს უფლებამოსილება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით

1. სააგენტოს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის მიზნებისათვის სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირება მათი რეგისტრაციის, შემოწმების და მათთვის მინიმალური მოთხოვნების დაწესების გზით.
3. საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი განკარგულებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები.
4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია პირს უარი განუცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტად რეგისტრაციაზე/ლიცენზირებაზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამავე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე, თუ:
ა) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობას;
ბ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციების სავალდებულო გადაწყვეტილებებით ან/და რეკომენდაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა;
გ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებების დარღვევა;
დ) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა არ წარუდგინა მას სრულყოფილი ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობის დასაწყებად საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების შესრულებისათვის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ.
5. საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისაგან და ამ კანონის 481 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
6. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია ითანამშრომლოს ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან.
7. ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტსა და სააგენტოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ფორმით ან ელექტრონული ფორმით. მათ თანაბარი იურიდიული ძალა აქვთ.
8. სააგენტო უფლებამოსილია ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისაგან მიიღოს თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გამოგზავნილი ან/და ციფრული ხელმოწერის გამოყენებით ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი. ციფრული ხელმოწერის გამოყენების საკითხი რეგულირდება სააგენტოსა და ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
9. თუ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისათვის მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის ჩაბარება ვერ ხერხდება, სააგენტოს უფროსს, მის მოადგილეს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. ოფიციალური დოკუმენტი საჯაროდ ვრცელდება ეროვნული ბანკის/სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმაციის სხვა საშუალებებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ