მუხლი 48.-2 . საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა

1. სააგენტო საგადახდო სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, მინიმალური მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების გზით.
2. სააგენტოს მიერ საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საკითხებს.
4. სააგენტო მნიშვნელოვან სისტემას და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწმების, მინიმალური კაპიტალის და დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების გზით.
5. სააგენტო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ