მუხლი 48.-1 . კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება

1. იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა), რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა ხუთ მილიონ ლარს აღემატება, ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია სააგენტოში და დააკმაყოფილოს სააგენტოს მიერ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის დაწესებული მოთხოვნები.
2. იურიდიული პირი, რომლის მიერ მოზიდული სახსრების ოდენობა არ აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას ან რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან, ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია სააგენტოში და დააკმაყოფილოს სააგენტოს მიერ დაწესებული მოთხოვნები, თუ მისი საქმიანობა, მოზიდული სახსრების ოდენობა, საქმიანობის რეგიონი ან სეგმენტი სააგენტოს მიერ მიჩნეულია საფინანსო სექტორისათვის მნიშვნელოვნად ან თუ მისი საქმიანობა და კლიენტთა მოზიდვის მეთოდები მეტყველებს იმ პირთა წრის მნიშვნელოვნად გაფართოების გეგმაზე, რომლებისგანაც ხდება სახსრების მოზიდვა.
3. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება, რაც მოიცავს რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებას, შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენას, შემოწმებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას.
4. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს, იგი უფლებამოსილია კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს მოსთხოვოს სახსრების მოზიდვასთან და სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა. საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სააგენტოს მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული იურიდიული პირების სააგენტოში რეგისტრაციის პირობები, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის შესაფერისობის კრიტერიუმები, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. საბანკო ლიცენზიის მოპოვებისთანავე იურიდიული პირი ავტომატურად კარგავს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსს.
7. სააგენტო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ