მუხლი 47.-1. სააგენტო

1. საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკთან იქმნება სააგენტო.
2. სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს.
3. სააგენტო დამოუკიდებელი ორგანოა. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას არ ექვემდებარება არცერთ სხვა ორგანოსა და თანამდებობის პირს. სააგენტო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს დებულების შესაბამისად.
4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში (მათ შორის, ეროვნულ ბანკში), ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სააგენტოს სახელწოდებით.
5. სააგენტო თავის ბიუჯეტს დამოუკიდებლად განკარგავს.
6. სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს საბჭოს წინაშე.
7. სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს სააგენტოს საბჭო.
8. სააგენტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
9. სააგენტოს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები, თავისი ფუნქციების შესასრულებლად დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება, დადოს ხელშეკრულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ