მუხლი 47.-4. სააგენტოს უფროსი

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსს 7 წლის ვადით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტს სააგენტოს უფროსის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ამ საბჭოსთან შეთანხმებით. სააგენტოს უფროსის კანდიდატურა სააგენტოს საბჭოსთან შეთანხმებულად ჩაითვლება, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს სააგენტოს საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
2. საქართველოს პარლამენტი სააგენტოს უფროსის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
3. სააგენტოს უფროსი საჯარო მოსამსახურეა.
4. სააგენტოს უფროსი უნდა იყოს პატიოსანი, კვალიფიციური, პროფესიონალი, გამოცდილი, კომპეტენტური და უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, აუდიტი.
5. სააგენტოს უფროსზე ვრცელდება ამ კანონის 473 მუხლის მე-5 პუნქტის (გარდა „ა“ ქვეპუნქტისა) და მე-6–მე-8 პუნქტების მოთხოვნები.
6. პირი სააგენტოს უფროსად არ შეიძლება დამტკიცდეს ზედიზედ ორჯერ. პირი, რომელიც დამტკიცებული იყო სააგენტოს უფროსად, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 7 წლის განმავლობაში არ შეიძლება ხელახლა დამტკიცდეს სააგენტოს უფროსად.
7. სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე, თუ ამის შესახებ წერილობით მიმართავს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან;
ბ) სააგენტოს უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანამდებობის დაკავებისას ან მასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას;
გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას;
დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;
 ე) გარდაცვალებისას;
 ვ) მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისას.
 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. იმავე პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად იღებს.
 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აღნიშნული სააგენტოს საბჭოს არანაკლებ 4 წევრის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საბჭოს წევრთა წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს.
10. სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და შეწყვეტის საფუძველი საჯაროა.
11. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) სააგენტოს საბჭოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსის მოადგილის კანდიდატურა სააგენტოს საბჭოსთან შეთანხმებულად ჩაითვლება, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს სააგენტოს საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
12. სააგენტოს უფროსის ძირითადი უფლებამოსილებებია:
ა) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად ნორმატიული აქტის – ბრძანების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – განკარგულების გამოცემა;
ბ) სააგენტოს საბჭოსათვის სააგენტოს ბიუჯეტის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) პერიოდულად (6 თვეში ერთხელ) სააგენტოს საბჭოსათვის სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება;
დ) სააგენტოს საბჭოსათვის სააგენტოს საშტატო ნუსხის და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დასამტკიცებლად წარდგენა;
ე) სააგენტოს მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
ვ) სააგენტოს უფროსის მოადგილის (მოადგილეების) და სააგენტოს მოხელეების ფუნქციების განსაზღვრა;
ზ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო და საკონსულტაციო ორგანოების (კომიტეტი, კომისია) შექმნა;
თ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება და უფლებამოსილებების განხორციელება.(შეჩერდეს მე-12 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების   მოქმედება  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე) -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 12  ოქტომბრის   საოქმო ჩანაწერი   №3/6/668  – ვებგვერდი, 23.10.2015წ.
13. სააგენტოს ბიუჯეტს სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სააგენტოს საბჭო და წარუდგენს ეროვნული ბანკის საბჭოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად. ეროვნული ბანკის საბჭო სააგენტოს საბჭოს მიერ წარდგენილ სააგენტოს ბიუჯეტს ავტომატურად ასახავს ეროვნული ბანკის ბიუჯეტში, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
14. თუ სააგენტოს საბჭოს მიერ წარდგენილი სააგენტოს ბიუჯეტის მოცულობა აღემატება წინა წლის სააგენტოს ბიუჯეტს, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სააგენტოს საბჭოს მოსთხოვოს ამ ცვლილების დასაბუთება. სათანადო დასაბუთების მიუღებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ბიუჯეტში სააგენტოს ბიუჯეტი ასახოს წინა წლის მონაცემების ფარგლებში. სააგენტოს ბიუჯეტის გაზრდის ნაწილობრივ გაზიარების შემთხვევაში ეროვნული ბანკი სააგენტოს ბიუჯეტს თავის ბიუჯეტში ითვალისწინებს გაზიარებული მონაცემების ფარგლებში.
15. თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების შემთხვევაში სააგენტოს უფროსს 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო და ამ ვადის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა. სააგენტოს უფროსს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო არ მიეცემა და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ იგი დაიკავებს სააგენტოს უფროსის სტატუსთან შეუთავსებელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობას, ან თანამდებობიდან გადადგება, თუ მისი დამტკიცებიდან გასული არ არის 3 წელი მაინც, ან თუ მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო.
16. თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების შემთხვევაში სააგენტოს უფროსის მოადგილეს 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ