მუხლი 47.-3. სააგენტოს საბჭო

1. სააგენტოს უმაღლესი ორგანოა სააგენტოს საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისაგან. სააგენტოს საბჭოს ერთი წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, ერთი წევრი – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო, ხოლო დანარჩენი წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არიან პატიოსანი, კვალიფიციური, პროფესიონალი, გამოცდილი, კომპეტენტური ეკონომიკის, ფინანსების ან საბანკო საქმის დარგში და რომლებსაც აქვთ საბანკო ან საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
2. სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 2 თვისა საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატს. საქართველოს პარლამენტი სააგენტოს საბჭოს ახალ წევრს ირჩევს სააგენტოს საბჭოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. სააგენტოს საბჭოს ახალი წევრის უფლებამოსილება იწყება სააგენტოს საბჭოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე. თუ სააგენტოს საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, სააგენტოს საბჭოში არსებული ვაკანსია წარმოშობიდან 3 თვეში უნდა შეივსოს. საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს სააგენტოს საბჭოში არსებული ვაკანსიის შესავსებად სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატს წარუდგენს ვაკანსიის წარმოშობიდან არაუგვიანეს 1 თვისა. საქართველოს პარლამენტი სააგენტოს საბჭოს წევრს ირჩევს საქართველოს მთავრობის მიერ სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენიდან 2 თვეში.
3. სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
4. სააგენტოს საბჭოს 5 წევრს საქართველოს მთავრობის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი სააგენტოს საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. სააგენტოს საბჭოს წევრის (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად აირჩევა ახალი წევრი სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების სრული ვადით.
5. სააგენტოს საბჭოს წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე;
ბ) უნდა ჰქონდეს საბანკო ან საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 7 წლის სტაჟი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან უფროსის მოადგილე) მუშაობის 3 წლის სტაჟი.
6. პირი არ შეიძლება აირჩეს სააგენტოს საბჭოს წევრად, თუ:
ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს და შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ანდა გამოიწვია კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;
ბ) იყო კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი და კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი გადახდისუუნარო გახდა;
გ) გამოცხადებულია გაკოტრებულად, ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტი სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს.
8. სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებებისა და საფინანსო სექტორში სამართლებრივი და საქმიანი ურთიერთობების შესახებ.
9. სააგენტოს საბჭო თავისი შემადგენლობიდან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს.
10. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ან სააგენტოს უფროსი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, როგორც სააგენტოს საბჭოს წევრის, საქმიანობა არ ანაზღაურდება.
11. სააგენტოს საბჭოს წევრს უფლება აქვს, მოითხოვოს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის შესახებ.
12. სააგენტოს საბჭოს წევრს (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა) უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას ან დაიკავებს სააგენტოს საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობას;
გ) თანამდებობიდან გადადგება, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. სააგენტოს საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან;
 დ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს.
14. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
15. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს.
 16. სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და შეწყვეტის საფუძველი საჯაროა.
 17. სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა სესიებს შორის პერიოდს დაემთხვა – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
18. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია.
 19. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო და ამ ვადის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა. სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო არ მიეცემა და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ იგი დაიკავებს სააგენტოს საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობას, ან თანამდებობიდან გადადგება, თუ მისი არჩევიდან გასული არ არის 3 წელი მაინც.
20. სააგენტოს საბჭოს წევრს (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა.
21. სააგენტოს საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია:
ა) საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავება;
ბ) სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
გ) სააგენტოს ბიუჯეტის დამტკიცება და ეროვნული ბანკის საბჭოსთვის წარდგენა;
დ) სააგენტოს საქმიანობის კონტროლი;
ე) საფინანსო ზედამხედველობის რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების განხილვა;
ვ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა შენიშვნების განხილვა;
ზ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება და უფლებამოსილებების განხორციელება.(შეჩერდეს „ზ“ ქვეპუნქტის  მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე) -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 12  ოქტომბრის   საოქმო ჩანაწერი   №3/6/668  – ვებგვერდი, 23.10.2015წ.
22. სააგენტოს ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და სააგენტოს დებულებით, რომელსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით დადგენილებით ამტკიცებს სააგენტოს საბჭო. (შეჩერდეს 22-ე პუნქტის  მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე) -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 12  ოქტომბრის   საოქმო ჩანაწერი   №3/6/668  – ვებგვერდი, 23.10.2015წ. ]
23. სააგენტოს საბჭოს წევრი (გარდა სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარისა) საჯარო მოსამსახურე არ არის.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ