მუხლი 29. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენ კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის დააწესოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, რომლებიც მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით განისაზღვრება და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება დაექვემდებაროს ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას.
2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმებს, მათი გაანგარიშებისა და დაცვის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენ კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების დარღვევისათვის სანქციებს აწესებს ეროვნული ბანკი. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის დარღვევისათვის სანქციის სახით დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. თუ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები ეროვნულ ბანკშია განთავსებული, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების თანხაზე პროცენტის გადახდის შესახებ.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ