მუხლი 29-1. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტი

1. ეროვნულ ბანკში იქმნება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტი. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტი შედგება ხმის უფლების მქონე 6 წევრისაგან. ამასთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების არმქონე წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები და მოწვეული პირები. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები, სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე, სააგენტოს უფროსი, აგრეთვე სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილებით – სააგენტოს საბჭოს ერთი წევრი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განსაზღვრავს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ფუნქციონირების წესს.
2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე თითოეულ წევრს 1 ხმა აქვს. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე 3 წევრი მაინც. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა და საკითხის ინიციირება შეიძლება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე 2 წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა არანაკლებ ნახევრისა – 3 წევრისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმა.
3. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით მიეწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული ბანკი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ