მუხლი 20. პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა

1. ეროვნული ბანკის საბჭოს/სააგენტოს საბჭოს მოქმედ ან ყოფილ წევრს, ეროვნული ბანკის/სააგენტოს თანამშრომელს, აუდიტორს არ აქვს კონფიდენციალურ ინფორმაციასთან არაუფლებამოსილი პირის დაშვების უფლება, აგრეთვე უფლება − გათქვას, გაავრცელოს ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია.
2. (ამოღებულია - 29.05.2014, №2465).
3. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების, მესამე პირების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობები გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში.
5. ეროვნულ ბანკში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონეტარული პოლიტიკის ან/და სტატისტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული, გონივრული ვადით კონფიდენციალურად გამოცხადდეს. ასეთი ინფორმაციის ნუსხას, შეზღუდვის ვადას და ინფორმაციის გაცემის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.
51. სააგენტოში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული, გონივრული ვადით კონფიდენციალურად გამოცხადდეს. ასეთი ინფორმაციის ნუსხას, შეზღუდვის ვადას და ინფორმაციის გაცემის წესს განსაზღვრავს სააგენტოს საბჭო.
52. სააგენტოსა და ეროვნულ ბანკს/ეროვნული ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.
6. სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს, სააგენტოს უფროსს, სააგენტოს უფროსის მოადგილეს, სააგენტოს იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ზედამხედველობს საფინანსო სექტორს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს უფლება არა აქვს, იყოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი (ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარესა და სააგენტოს საბჭოს იმ წევრზე, რომელიც უცხოეთის საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული, სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ არმყოფი იურიდიული პირის თანამშრომელია), წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი. თუ სააგენტოს საბჭოს წევრის ან სააგენტოს იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ზედამხედველობს საფინანსო სექტორს, არის სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი, ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს სააგენტოს მის მიერ დადგენილი წესის (ეს წესი საჯაროა) შესაბამისად. ამასთანავე, მას უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. სააგენტოს თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა, რომლის წილის მფლობელი ან რომლის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია.
7. ეროვნული ბანკის/სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღოს რაიმე ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირისაგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისაგან, თავისი ან სხვა პირის სახელით, რომელთანაც მას ახლონათესაური კავშირი ან სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აქვს.
8. ეროვნული ბანკის საბჭოს/სააგენტოს საბჭოს წევრი, ეროვნული ბანკის/სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს/სააგენტოს მის მიერ დადგენილი წესის (ეს წესი საჯაროა) შესაბამისად აცნობოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ მისი ან მისი ოჯახის წევრის, როგორც ფიზიკური პირის, სასესხო ან სხვა მატერიალური ვალდებულების შესახებ, რომელიც ჯამში 10 000 ლარს აღემატება.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ