მუხლი 03. ეროვნული ბანკის ამოცანები და ფუნქციები

1. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.
2. ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას.
3. ეროვნული ბანკის ფუნქციებია:
ა) შეიმუშაოს და განახორციელოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად;
ბ) მასთან არსებული სააგენტოს მეშვეობით, ამ კანონის შესაბამისად ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსურ სექტორს; სააგენტო პასუხისმგებელია საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელებისთვის და მისთვის ამ კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის;
გ) უზრუნველყოს ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირება;
დ) ფლობდეს, შეინახოს და განკარგოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები;
ე) იყოს საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი;
ვ) ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას;
ზ) განახორციელოს საქართველოს ფულის ნიშნების ემისია;
თ) საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკა;
ი) (ამოღებულია - 29.05.2014, №2465).
კ) შეასრულოს ამ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ