მუხლი 02. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო საბროკერო კომპანია, ანგარიშვალდებული საწარმო, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი; 
ბ) საფინანსო სექტორი – საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ერთობლიობა;
გ) კომერციული ბანკი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;
დ) ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი – ეროვნული ბანკის მიერ მისაღწევი ინფლაციის მაჩვენებელი;
ე) ოფიციალური გაცვლითი კურსი – ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ვალუტების მიმართ დადგენილი გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის;
ვ) სახელმწიფო სესხი – „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ვალი და კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები;
ზ) დეპოზიტი – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები არ არის დეპოზიტი;
თ) ფულის ნიშნები – ეროვნული ბანკისა და სხვა ქვეყნის ემიტენტი დაწესებულებების მიერ გადახდის კანონიერი საშუალებების სახით გამოშვებული ბანკნოტები და მონეტები;
ი) ყალბი ფულის ნიშნები – თაღლითური, არაკანონიერი გზით დამზადებული ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები, რომლებზედაც შეინიშნება ნომინალური გადაკეთების კვალი;
კ) ემისია – ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ან ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება;
ლ) რეპროდუცირება – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ბანკნოტებისა და მონეტების მთლიანად ან მათი ნაწილის, მათ შორის, მათი ინდივიდუალური დიზაინის ელემენტების, ფერის, ზომების, სიმბოლოების ან მათი სახეცვლილებით მატერიალური ან არამატერიალური ფორმით რაიმე გამოსახულების, დამზადება, რომელიც შესაძლოა წააგავდეს ნამდვილ ფულის ნიშნებს ან ქმნიდეს ნამდვილი ფულის ნიშნების შთაბეჭდილებას;
მ) ნუმიზმატიკური ფასეულობა – სარეალიზაციოდ ან საექსპონატოდ განკუთვნილი, ეროვნული ბანკის მიერ რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან რომელთა ემისია არ განხორციელებულა შეუსაბამო მახასიათებლების გამო, ასევე ისტორიული ბანკნოტები და მონეტები, მათი ასლები;
ნ) კრედიტი – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;
ო) კლირინგი (საკლირინგო ხელშეკრულება) – უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას და გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში;
პ) სპოტური ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში;
ჟ) ფორვარდული ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
რ) სვოპი – გარიგება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ, მისი შემდგომი გაყიდვის ან გამოსყიდვის წინასწარ დათქმული პირობებით;
ს) ფისკალური აგენტი – საგადახდო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ორგანიზებით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ტ) ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები – ყველა ხარჯი, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ეკონომიკის უზრუნველყოფასთან;
უ) საქართველოს საფინანსო სექტორის სტატისტიკა – ეროვნული ეკონომიკის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე ფინანსური კორპორაციების ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების მარაგებისა და ნაკადების ამსახველი სტატისტიკა;
ფ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
ქ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც არ არის კომერციული ბანკი და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ნაწილი;
ქ 1) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომელიც ასეთად მიჩნეულია სააგენტოს მიერ და რომელიც ამ კანონის შესაბამისად სახსრებს მოიზიდავს ფიზიკური პირებისაგან და მოზიდული სახსრებით გასცემს სესხებს;
ღ) დროებითი ბანკი – განსაკუთრებულ შემთხვევაში საბანკო სისტემის სტაბილურობისა და დეპოზიტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სააგენტოს მიერ საგანგებოდ და დროებით შექმნილი ბანკი;
ყ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
შ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
ჩ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;
ც) ახლო ნათესავი – ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ირიცხება კანონით მემკვიდრეთა წრიდან I ან II რიგში;
ძ) საჯარო რეგისტრი – ეროვნული ბანკის/სააგენტოს უწყებრივი საჯარო რეესტრი, რომელშიც ხდება ეროვნული ბანკის/სააგენტოს სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
წ) საგარეო სექტორის სტატისტიკა – საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო ინვესტიციური მდგომარეობის, საგარეო ვალისა და ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების სტატისტიკა;
ჭ) ინფლაცია – ფასების სტატისტიკის მწარმოებელი ოფიციალური ორგანოს მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო კალათის ფასების ინდექსის ცვლილება;
ხ) სარეზერვო ფული – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული (ეროვნული ბანკის სალაროში არსებული სახსრების ნაშთის გარეშე), ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის (მათ შორის, ლიცენზიაგაუქმებული ბანკის) ანგარიშებზე არსებული სახსრები ეროვნულ ვალუტაში;
ჯ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ზონა;
ჰ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი – საბაჟო კონტროლის ზონა, რომლის საქმიანობისთვის სავალდებულოა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა და სადაც ნებადართულია, სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე გაიყიდოს ნებისმიერი საქონელი, გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა აკრძალულია.

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ