საქართველოს მთავრობის დადგენილება №236 2012 წლის 5 ივლ ისი ქ. თბილისი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, მუხლი 462) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;“.

2. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი;“.

3. ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „თ-ნ“ ქვეპუნქტები.

4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18

სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით, მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;

ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;

გ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების და დაფარვის პროცესში მონაწილეობა;

ე) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვისა და მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობა;

ზ) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

თ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს სააქციო/საპაიო შესატანების, ასევე აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა აღრიცხვა და დაგეგმვა;

ი) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებულ კრედიტებსა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა;

კ) სახელმწიფო ვალის რეესტრის წარმოება;

ლ) სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;

მ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი;

ნ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;

ო) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;

პ) საგარეო წყაროებიდან დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შემუშავება;

ჟ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;

რ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირების პროცესში მონაწილეობა;

ს) სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება;

ტ) საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

უ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ფ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების (გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროების ხელშეკრულებებისა) შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;

ქ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;

ღ) ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება სახელმწიფო ვალის შესახებ;

ყ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის საკითხების შესრულების კოორდინაცია.“.

5. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სახელმწიფო საშინაო ვალთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 25 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი

Comments