საქართველოს მთავრობის დადგენილება № 133 2012 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით შეთანხმების დადების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

 მუხლი 1.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „დებულება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით შეთანხმების დადების წესისა და პირობების შესახებ“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით შეთანხმების დადების წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი) შორის შესაძლებელია დაიდოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შეთანხმება (შემდგომში – შეთანხმება) .

    მუხლი 2. შეთანხმების პირობები

1. შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) პასუხისმგებელი პირის მიერ შეთანხმების დადების შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის ან რომელიმე კონკრეტულ პერიოდში/პერიოდებში გადაუხდელი მოსაკრებლების და საურავის ოდენობის განსაზღვრა, შემცირება, მათი გადახდის (მთლიანად ან ნაწილობრივ) გადავადება (მათ შორის, განაწილვადება) ან/და სხვა ვალდებულებით ჩანაცვლება;

ბ) მომავალ პერიოდში/პერიოდებში გადასახდელი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრა, მისი გადახდის (მთლიანად ან ნაწილობრივ) ვადის განსაზღვრა, გადავადება (მათ შორის, განაწილვადება) ან/და სხვა ვალდებულებით ჩანაცვლება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსაკრებლების გადახდის გადავადება (მათ შორის, განაწილვადება) არა უმეტეს 3 წლით ხორციელდება წლიური 4% სარგებლით, ხოლო 3 წელზე მეტი ვადით – არანაკლებ წლიური 4% სარგებლით.

3. შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებელ პირს დაეკისრება გადაუხდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის 10%‑ისა.

    მუხლი 3. შეთანხმების დადების შესახებ განცხადების წარდგენა

1. პასუხისმგებელი პირი შეთანხმების დადების შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადების მიღების შემდგომ სააგენტო უფლებამოსილია:

ა) უარი თქვას შეთანხმების დადებაზე, რაც წერილობით უნდა ეცნობოს პასუხისმგებელ პირს. ასეთ შემთხვევაში სააგენტო არ არის ვალდებული დაასაბუთოს უარი;

ბ) აღნიშნული განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, რომელიც ამ დოკუმენტებს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

2. განცხადება შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს აგრეთვე წინადადებას შეთანხმების დადების შესახებ და ასახავდეს პასუხისმგებელი პირის დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნომერს, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელს, გვარს და პირად ნომერს, ასევე იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართსა და ტელეფონის ნომერს.

3 . ამ მუხლის მე-2 პუნქტი გათვალისწინებულის გარდა, განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს მოსაკრებლის ოდენობას მისი წარმოშობის პერიოდის/პერიოდების მითითებით, შეთანხმების შესაბამისად პასუხისმგებელი პირის მიერ გადასახდელად შემოთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას ან/და სხვა შემოთავაზებული, მის მიერ შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულების ძირითად არსს და მისი შესრულების ვადას/პერიოდს.

4 . განცხადებას უნდა დაერთოს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5 . სააგენტო განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში განცხადება არ განიხილება და პასუხისმგებელ პირს ეცნობება წერილობითი ფორმით.

6 . სააგენტო უფლებამოსილია პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მოსაკრებლის თაობაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

7. სააგენტო უფლებამოსილია განცხადების წარდგენის შემდეგ ინფორმაცია გამოითხოვოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან.

8. შეთანხმების დადების, შესრულებისა და გაუქმების შესახებ სააგენტო ვალდებულია წერილობით აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტაცია.

    მუხლი 4. შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება

1. შეთანხმების დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება პასუხისმგებელი პირის მიერ შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა, ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სარგებლის წლიური განაკვეთის ოდენობა.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად დამატებით პირობად შესაძლებელია განისაზღვროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ პასუხისმგებელ პირს უნდა ეცნობოს წერილობით.

4. შეთანხმების დადების შემდეგ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების (მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების) მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული მოსაკრებლების და/ან საურავის ოდენობის გადახედვა (დაზუსტება) და/ან დამატებით დარიცხვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია.

5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ეგზავნებათ პასუხისმგებელ პირს, სააგენტოს და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.

    მუხლი 5. შეთანხმების დადება და მისი გაუქმება

1. შეთანხმების დადების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად, სააგენტო პასუხისმგებელ პირთან დებს შეთანხმებას, რომელიც ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

2. შეთანხმებას ხელს აწერენ, ერთი მხრივ, სააგენტოს ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი და, მეორე მხრივ, პასუხისმგებელი პირი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

3. პასუხისმგებელი პირის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევა გამოიწვევს შეთანხმების გაუქმებას ამ დებულების და შეთანხმების შესაბამისად.

4 . შეთანხმება, გარდა შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილი შემთხვევებისა, გაუქმებულად ჩაითვლება, თუ პასუხისმგებელი პირის მიმართ გამოყენებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვერ უზრუნველყოფს შეთანხმების მიხედვით პასუხისმგებელი პირის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულებების სრულად შესრულებას . ამასთან, ამგვარი წესით მიღებული ან/და პასუხისმგებელი პირის მიერ გადახდილი თანხების მეშვეობით ვალდებულებები სრულდება შემდეგი რიგითობით:

ა) პირველი რიგი – შეთანხმების მიხედვით გადასახდელად განსაზღვრული მოსაკრებელი;

ბ) მეორე რიგი – დარიცხული ჯარიმის თანხის, მათ შორის, ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა;

გ) მესამე რიგი – გადასახდელად განსაზღვრული საურავი;

დ) სხვა ვალდებულებები.

5. ყოველი მომდევნო რიგის ვალდებულება სრულდება წინა რიგის ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ.

Comments