საქართველოს მთავრობის დადგენილება № 127 2012 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ წამახალისებელი გათამაშების ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო.დ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ წამახალისებელი გათამაშების ჩატარების წესი და პირობები“.

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ წამახალისებელი გათამაშების ჩატარების წესი და პირობები

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ წამახალისებელი გათამაშების წესსა და პირობებში (შემდგომში – წესი) გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) წამახალისებელი გათამაშება – თამაშობა , რომლის დროსაც შემოსავლების სამსახური საჯაროდ გამოქვეყნებული წესებისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს . მოგების დამთხვევა რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის შემოსავლების სამსახურის ან სხვა სუბიექტის ნება - სურვილსა და ქმედებაზე , წარმოადგენს შემთხვევითობას და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი . დაუშვებელია წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობისთვის ნებისმიერი ფორმით საფასურის დაწესება;

ბ) ორგანიზატორი – შემოსავლების სამსახური;

გ) საპრიზო ფონდი – საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარ განსაზღვრული თანხა, რომელიც აღიარებულია მყარ ვალდებულებად მესამე პირის (მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის) სასარგებლოდ და განკუთვნილია მისთვის გადასაცემად. წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტის შესაბამისად, მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთის სახით ან სხვა ფორმით და იგი გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე. წამახალისებელი გათამაშების შედეგად, ნივთობრივი მოგებისას, ერთი ნივთი უნდა შეხვდეს მხოლოდ ერთ ბილეთს;

დ) საპრიზო ფონდის გათამაშება – პროცედურა, რომლის დროსაც დასტურდება მოგების დამთხვევის ფაქტი წამახალისებელი გათამაშების ბილეთზე;

ე) ბილეთი – GPRS‑ისა და crypto-ს მოდულებ ის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატის (შემდგომში – აპარატი) მიერ ამობეჭდილი ჩეკი, რომელიც გააქტიურებულია წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილე პირის მიერ;

ვ) წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილე პირი – ბილეთის მფლობელი პირი.

    მუხლი 2. წამახალისებელი გათამაშების ჩატარების წესი

1. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მიზანი, მისი აღწერილობა, წამახალისებელი გათამაშების დაწყებისა და დასრულების პერიოდი, წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობა და ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტის საჯაროობა.

3. წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ის ბილეთი, რომელიც გააქტიურებულია პირის მიერ წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. მოგების გაცემა ხორციელდება წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტით დადგენილი წესით.

6. წამახალისებელი გათამაშების ჩატარების უზრუნველსაყოფად შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან.

    მუხლი 3. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი

1. წამახლისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია:

ა) აწარმოოს გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია , შექმნას ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;

ბ) ჩაატაროს წამახალისებელი გათამაშება და გასცეს მოგებები წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტის შესაბამისად ;

გ) მოთხოვნის შემთხვევაში მოგებული ბილეთის მფლობელს მისცეს წერილობითი ცნობა მოგების მიღების შესახებ;

დ) წამახალისებელი გათამაშების მონაწილეების პრეტენზიებთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება;

ე) მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის თანხმობის გარეშე არ გასცეს ინფორმაცია მოგებული თანხის შესახებ , გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა ;

ვ) მოგების გაცემისას, წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტით გათვალისწინებული პ ირობის გარდა, არ დაუშვას დამატებითი პირობების მოთხოვნა ;

ზ) შეასრულოს ამ წესით მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობები .

2. თუ წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილე პირმა დაკარგა ბილეთი , მას უფლება არ აქვს პრეტენზია წარუდგინოს ორგანიზატორს , თუ წამახალისებელი გათამაშების მოწყობის რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული .

    მუხლი 4. წამახალისებელი გათამაშების დაბეგვრა და საბუღალტრო აღრიცხვა

ამ წესის შესაბამისად ჩატარებული წამახალისებელი გათამაშების დაბეგვრა და საბუღალტრო აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

Comments