მუხლი 08. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეტიკეტირებული სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი, ხოლო მათი ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს, რომ მათ თვალსაჩინო ადგილას თან ახლდეს ამ კანონით დადგენილი ეტიკეტირების წესებით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია.

2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას თან იქონიოს სათანადო დოკუმენტაცია.

3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ ეტიკეტირების წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობისას დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ბაზარზე განთავსებული სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ან/და გენმოდიფიცირებული პროდუქტი და არ განათავსოს ისინი ბაზარზე აღნიშნული შეუსაბამობის გამოსწორებამდე.

4. ბიზნესოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში  სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ექვემდებარება  განადგურებას, რასაც ბიზნესოპერატორი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს.

5. ბიზნესოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით.

6. ბიზნესოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი იმპორტისას ეტიკეტირებული იყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას  ჰქონდეს თანმხლები დოკუმენტი.

7. ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტისას ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ ეტიკეტირების წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტის არარსებობისას სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ექვემდებარება მისივე ხარჯებით ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან განადგურებას ან შეუსაბამობის გამოსწორებას. განადგურებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

საქართველოს კანონი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ