მუხლი 10. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

1. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებს.

2. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის სამართალდამრღვევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები  გამოუწერენ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

3. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევა, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში დადგენილი წესების დარღვევა, მათი ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტის არქონა –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

5. ბიზნესოპერატორის მიერ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევისას, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ კანონით დადგენილი წესით სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის და ბაზარზე განთავსების აღკვეთის განუხორციელებლობა, აგრეთვე შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განადგურების განუხორციელებლობა –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს კანონი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ