მუხლი 04. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რომლებიც არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;

ბ) გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი და რომელიც განკუთვნილია სურსათად/ცხოველის საკვებად;

გ) ეტიკეტირება – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან და გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეფუთვაზე განთავსება ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ბაზარზე განთავსება – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის მესამე პირისა და საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, ნებისმიერი ფორმით;

ე) იმპორტი – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის სასაქონლო ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ვ) ბიზნესოპერატორი – პირი, რომელიც ახორციელებს  სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებასა და იმპორტს და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისათვის;

ზ) საბოლოო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებსა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს სარეალიზაციოდ არ იყენებს;

თ) მესამე პირი – პირი, რომელიც სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს ან/და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს იყენებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობისათვის;

ი) თანმხლები დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია ნორმატიული დოკუმენტი, რომელსაც შეესაბამება პროდუქტი, აგრეთვე მითითებულია ინფორმაცია პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის ოქმი.

2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს „სურსათი“, „ცხოველის  საკვები“ და „სახელმწიფო კონტროლი“ აქვს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.

საქართველოს კანონი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ