მუხლი 31. გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის გამოყენება კოლექტიურ ნიშნად

1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვებიდან გამონაკლისის სახით კოლექტიურ ნიშნად დასაშვებია ისეთი სიმბოლოს რეგისტრაცია, რომელიც წარმოადგენს საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნას (ადგილის, რაიონის, რეგიონის, ქვეყნის სახელი ან სხვაგვარი აღნიშვნა, რომელიც მიუთითებს საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობაზე). (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

2. გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნა არ გამოიყენება კოლექტიურ ნიშნად იმ საქონლისათვის, რომელიც არ წარმოიშვა შესაბამის გეოგრაფიულ ადგილზე, რაიონში, რეგიონში, ქვეყანაში, თუ ასეთი აღნიშვნა მცდარ წარმოდგენას ქმნის საქონლის წარმოშობის შესახებ.

3. თუ გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნა მიუთითებს საქონლის განსაკუთრებულ  თვისებებსა და ხარისხზე, ასეთი აღნიშვნა გამოიყენება კოლექტიურ ნიშნად იმავე წარმოშობის მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომელსაც აქვს შესაბამისი თვისებები და ხარისხი.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აგრეთვე ვრცელდება იმ სახელზე, აღნიშვნასა და ნიშანზე, რომლებიც გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის მსგავსია.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ