მუხლი 28. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

 1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ:

ა) სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული;

ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით;

გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე;

დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა;

ე) ამგვარი რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნისათვის დადგენილი პრიორიტეტის თარიღამდე.

2. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვლის ნაწილის მიმართ, რეგისტრაცია ბათილად იქნება ცნობილი მხოლოდ ამ ნაწილის მიმართ.

3. საქონლის მთელი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ